დროითი სივრცის აღქმის შესახებ - ფსიქოლოგია დღეს

დროითი სივრცის აღქმის შესახებ

Apr 15, 2025

დროითი სივრცის აღქმის შესახებ

დროითი სივრცის აღქმა — ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა ფსიქოთერაპიულ სივრცეში. იქნება ეს მისი სწორი გადანაწილება, მართვა, დაგეგმვა თუ ყურადღების ფოკუსში მნიშვნელოვანი საგნების მოხვედრა კონკრეტულ დროს.

წარმოიდგინეთ, რომ რაიმე ძალიან ითხოვს თქვენს ყურადღებას, ამ დროს კი თქვენი ფსიქიკა, გონება ან სხვა არხი გეუბნებათ, რომ ახლა ეს პრიორიტეტული არ არის, სხვა რამ უნდა გააკეთოთ. თქვენ აკეთებთ სხვას — უფრო მნიშვნელოვან საქმეს, და ის ტრიგერი, რომელიც მწვავედ იდგა, რჩება ყურადღების მიღმა, იგნორირებული.
და ასე — დღიდან დღემდე...
შემდეგ ჩნდება დარლილობის შეგრძნება, დანაშაულის განცდა და ა.შ.

რა ალტერნატივა გვაქვს? როგორ უნდა ვიყოთ მიმღებლები ჩვენი წარსულის მიმართ და როგორ ვიყოთ პროდუქტიულები?

1. როგორი უნდა იყოს მიმღებლობა წარსულის მიმართ?

წარსულს ვქმნით აწმყოში.

ისეთს, როგორიც აქ და ამჟამადაა "მისაღები" ჩვენი ფსიქიკისთვის.
გვსურს დავინახოთ მასში მხოლოდ ტრავმული გამოცდილებები? ვხედავთ.
ნებისმიერ მედალს ორი მხარე აქვს — ჩვენ ვირჩევთ „მარტივს“, გაკვალულს და მივყვებით მას, მიუხედავად იმისა, რომ შინაგანად ვეწინააღმდეგებით.

მოვლენა არის მოვლენა — ინტერპრეტაციას და ემოციურ ელფერს მას ვაძლევთ ისევ ჩვენ — აწმყოში.

წარმოიდგინეთ, რომ წარსულში არსებული გადაუმუშავებელი წყენები, დაუსრულებელი ურთიერთობები, პროექტები და საქმეები ჰგავს დიდი ლოდებით დატენილ ჩემოდნებს, რომელსაც დავატარებთ ცხოვრების გზაზე.

ჩვენი პასუხისმგებლობაა დავსხდეთ და გავაანალიზოთ — რას დავატარებთ თან?
რა გვაქვს ხურჯინში?
მოვლენები მივიღოთ ისე, როგორც იყო, ვაპატიოთ და მადლობა გადავუხადოთ საკუთარ თავს.

2. როდის უშლის წარსული აწმყოს?

თუ წარსულში მომხდარი მოვლენები ჩვენში ისე ცოცხლად აგრძელებენ ყოფნას, თითქოს ახლა ხდება, ჩვენი ფსიქიკა აღიქვამს მათ როგორც აწმყოში ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს.

შესაბამისად, ჩვენი ფსიქიკური ენერგია მიემართება არასწორად და გაედინება ტრავმისგან შექმნილი სივრცისკენ.
საქმეების, პროცესების, ურთიერთობების დაუმთავრებლად დატოვება ჰგავს კომპიუტერს, სადაც ბევრი ფანჯარაა გახსნილი — და ნელდება მისი მუშაობა.

შესაბამისად, აწმყოში ჩვენი ფუნქციონირება და რესურსუნარიანობა კლებულობს.

3. როგორ ვიცხოვროთ აქ და ახლა?

აქ და ამჟამად ყოფნას სჭირდება:

  • პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე

  • საკუთარი ცხოვრების მართვის სურვილი

  • მეს გაცნობა

  • იმ არეალის გაცნობიერება, რომელზეც მართლა ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა — ახლა.

თუ ჩვენი ყურადღების ენერგია ან წარსულშია, ან მომავალში —
ვერ ვტკბებით ამ წამით, ვერ ვმოქმედებთ და ვერ ვართ პროდუქტიულები, რადგან ერთადერთი დრო, როდესაც რაიმეს ცვლილება და ფიზიკური ქმედება რეალურად არის შესაძლებელი — ესაა აწმყო.

მარტივი სავარჯიშო:
მიაქციე ყურადღება შენს ყურადღებას — სად არის ის ახლა?

 

ირმა კვაჭაძე — კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი.